ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „ჰორიზონტი-ევროპის“ მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის TIER2(Trust, Integrity and Efficiency in Research through Reproducibility)-ის ღია კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც გულისხმობს საქართველოში სამეცნიერო კვლავწარმოების ქსელის შექმნას (GeoRN).
18 ივნისს, გაიმართა საქართველოს სამეცნიერო კვლავწარმოების ქსელის (GeoRN) დაარსების ღონისძიება და სემინარი, რომელსაც მანსპინძლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შეხვედრაზე საჯარო ლექციები ჩაატარეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის (დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, უკრაინის) კვლავწარმოების ქსელის ხელმძღვანელებმა და აუდიტორიას გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება სამეცნიერო კვლევების კვლავწარმოების, რეპლიკაციის და ღია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ.
TIER2 ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების კვლავწარმოებას, როგორც ევროპულ კვლევით სივრცეში (ERA), ასევე გლობალური კვლევებისა და ინოვაციების (R&I) სისტემაში. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შექმნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბაზა არსებული რეპროდუცირებადობის პრაქტიკის მასშტაბისა და ეფექტიანობის შესახებ. TIER2-ის კონსორციუმის წევრები არიან ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები, როგორიცაა ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), შარიტეს უნივერსიტეტი (გერმანია), ორჰუსის უნივერსიტეტი (დანია), ამსტერდამის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და სხვა.
პროექტი წარმოადგენს იმ ეროვნული ინიციატივის ოფიციალურ საწყისს, რომელიც საქართველოში სამეცნიერო კვლევის გამჭვირვალობის, სანდოობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
GeoRN-ის დაარსებით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს კვლევითი სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, აკადემიური ინსტიტუციების გაძლიერებისა და უფრო სანდო და გავლენიანი მეცნიერების განვითარების გზაზე. ქსელი მხარს დაუჭერს და წაახალისებს ახალგაზრდა მკვლევრებს, უზრუნველყოფს ტრენინგებს კვლავწარმოების პრაქტიკის შესახებ და დაეხმარება ქართულ ინსტიტუციებს, მიაღწიონ მეტ წარმატებას საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრაზე ოფიციალურად გაეშვა GeoRN-ის ვებგვერდი, რომელიც მომავალში რესურსების, ღონისძიებებისა და საზოგადოების ჩართულობის პლატფორმის როლს შეასრულებს: https://georn.ge/
ქსელი გააერთიანებს მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და პოლიტიკის შემქმნელებს, რომლებიც იზიარებენ საქართველოში კვლევის ხარისხისა და სანდოობის გაძლიერების საერთო მიზანს.
ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მას ესწრებოდა 150-მდე მონაწილე.